ფეხბურთი, ქართველების და იტალიელებისთვის მარტო სპორტი არაა!

ფეხბურთი, ქართველების და იტალიელებისთვის მარტო სპორტი არაა!


 

თუნდაც ერთი წლის წინ, შარშან ამ დროს, ვერავინ წარმოიდგენდა ქართულ სპორტის მოყვარულებს ფეხბურთი გამოაცოცხლებდა, ან კიდევ, იტალიელ ტიფოზებს ქართველი ფეხბურთელი, საკუთარ კერპებს დაავიწყებდა და ყველა მისი გულშემატკივარი გახდებოდა! 

 

მე და ჩემს თაობას გვახსოვს, არაერთ ქართველ ვარსკვლავს უკაშკაშია, - პელეს, გარინჩას, ეუსებიოს, ბობი ჩარლტონის, ბეკენბაუერის, გერდ მიულერის, ჯორჯ ბესტის,კრუიფის, მარადონას და კიდევ უამრავთა გვერდით და მარაკანადან დაწყებული, მსოფლიოს საფეხბურთო სტადიონები ხანგრძლივი ოვაციებით მისალმებია მათ გამორჩეულ ტალანტს. 

 

მაგრამ, რაც ახლა იტალიაში ხდება, ფეხბურთელის ტალანტთან ერთად, „საფეხბურთო სპექტაკლების“ განახლებას ეძღვნება, რომელიც ასე მოენატრა არა მარტო იტალიელ ტიფოზებს, არამედ ჭეშმარიტი ფეხბურთის ყველა მოყვარულს, რაც ნათელი დასტურია იმისა, რომ: 

 

ფეხბურთი, მხოლოდ მოგება-წაგების სტატისტიკა და ფეხბურთელებში გადახდილი ასტრონომიული თანხები არ არის!

 

რამხელა ბედნიერებაა, როცა ამ „საფეხბურთო სპექტაკლების“ ავტორი ხვიჩა კვარაცხელიაა!

 

ყველაფერი კი დიდი ხნით ადრე დაიწყო:

 

- იტალიას და მილანის „ინტერს“ რა დაავიწყებს, ყველა დროის საუკეთესო მცველ ჯაჩინტო ფაკეტის და  დავით ყიფიანის დაპირისპირებას და ამ უკანასკნელის დაუვიწყარ გოლს ინტერის კარში „სან სიროზე“! 

 

- „სანსიროს“, ასევე ახსოვს „ევროპის ჩენპიონთა ლიგის“ ორგზის გამარჯვებული ქართველიც, რომლის თაობამ, დიდი მონდომებით და შრომით გაასუფთავა  ქართული საფეხბურთო სივრცე, ბუნებრივად, თუ ხელოვნურად გამრავლებული საფეხბურთო სარეველასგან და იშვა ახალი თაობა, რომელიც არა მარტო ფეხბურთის, ზოგადად სპორტის სამყაროს სულ სხვა დონეზე გააცნობს ჩვენს სამშობლოს!

 

 

ამ დღეებში, იტალიაში მიმდინარე საფეხბურთო ემოციებმა, მეც ამიშალა სასიამოვნო მოგონებები და გადავწყვიტე ერთ-ერთი მათგანი თქვენც გაგიზიაროთ!

 

„ბრენერი-ვილახი-ვენეცია-ავტობანი - „SR 11“

(ანუ, რას ნიშნავს ფეხბურთი იტალიელისთვის)

 

იმ წელს, ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტს, გერმანულენოვანი, სამართლის და ეკონომიკის ფაკულტეტის აკრედიტაციის გასავლელად, წიგნადი ფონდის კომპლექტაციის დადასტურება სჭირდებოდა. იგი გერმანიაში, „ევროპის ხალხთა გამაერთიანებელი ჰუმანიტარული ორდენის Cordon Bleu du Saint Esprit“ ნორდრაინ ვესტფალიის წარმომადგენლობის მიერ გამოცხადებული აქციის მონაწილეებს, კარგა ხნის მოგროვილი ჰქონდათ, მისი ტრანსპორტირება იყო მხოლოდ საჭირო.

 

ხუთასამდე წიგნის ფოსტით გამოგზავნა საკმაოზე ძვირი ჯდებოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, გვეყიდა ისეთი მანქანა, წიგნებსაც რომ წამოიღებდა - წიგნები  ზუგდიდის უნივერსიტეტს, მანქანა კი, „საქართველოს, ომის ვეტერან, ინვალიდ და მარტოხელა ქალთა კავშირ „მარიამს“ გადაეცემოდა საჩუქრად!

 

2005 წლიდან ორდენის ყურადღება არ აკლდა „ქალთა კავშირს“, ვიდრე იგი, მიშა-შეურაცხადის მიერ მოწყობილი წნეხის ქვეშ მოჰყვებოდა, როგორც არაინგლისურენოვანი „არასამთავრობო“ ორგანიზაცია და არსებობას შეწყვეტდა.

 

ლუნებურგიდან დაწყებული, საქართველოს მეგობარ, ხელოვნებათმცოდნე ქალბატონ ჰელა ფარიენთან წიგნების პირველი მოზრდილი ამანათი, ნორდრეინვესტფალიის ულამაზეს ქალაქ „ბერგიშე ლაიხლინგენში“, - დრ. ჰერბერტ ვიდენთან, ზალცბურგში, - გრაფ, დოქტორ რაინერ გაისლერ-შვარცენბერგთან, იმსტსა და რიეტცში - გრაფებთან, ქრისტინა და გიუნტერ  შპილმანებთან, ვენაში თავადებთან, ედიტ და ვოლფგანგ გლაზერებთან, ჩვენი „მოძრავი ბიბლიოთეკა“ ხუთას წიგნამდე შეივსო და ბრენერის უღელტეხილით, 100 წლის წინ, აფხაზეთის ბედგამოვლილ „სამხრეთ ტიროლის“ და ვილახის გავლით ვენეციისკენ გავუდექი გზას, საიდანაც საბერძნეთის საპორტო ქალაქ იღუმენიცაში მიმავალი გემი მელოდა. 

 

„სამხრეთ ტიროლის“ დედაქალაქ ბოცენში, დაგეგმილზე დიდ ხანს მომიწია ყოფნამ, სადაც სამხრეთ ტიროლის თავისუფლების ჯგუფ „ანდრიას ჰოფფერის“ წევრებთან მქონდა წინასწარ დაგეგმილი შეხვედრა და მოხსენება. იქვე გაირკვა, რომ მოხსენებას „ასი წლის შემდეგ, სამხრეთტიროლის ბედგაზიარებულ აფხაზეთზე“ ნაჩქარევად ვერ გავაკეთებდი და იგი შემოდგომისთვის გადავდეთ. ასე გავუდექი გზას ვილახის გავლით ვენეციისკენ.

 

გზად, რამდენიმე შესვენების შემდეგ, მაშინ ჯერ კიდევ ახალშემოსულმა „ნავიგატორმა“ შემახსენა, რომ თუ არ ვიჩქარებდი, შეიძლება გემზე დამეგვიანა. გემი „ADAC“-ეს (საერთო გერმანული საატომობილო კლუბი) შეუკვეთეს ჩემი ორდენის, ლაიხლინგენის წარმომადგენლობიდან, დანიშნულების ადგილამდე მგზავრობის მსვლელობაზე ინფორმაციის მიწოდების გარანტიით!

 

მგზავრობას, ე.წ. „Baustelle”-ები (საგზაო სამუშაოები) ართულებდა. მიუხედავად ყველაფრისა, თითქმის ხუთასკილომეტრიანი გზა დროზე გავიარე, „VENEZIA“ გახშირდა საგზაო ნიშნებზე. დრო საკმარისზე მეტი მრჩებოდა, როცა „SR 11“ ავტობანის მაჩვენებელი შევნიშნე.

 

ამ ფიქრებში ვიყავი, როცა ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა. იტალიაში საქართველოს საკონსულოდან ბატონი სოსო დანელია მირეკავდა.  მომიკითხა, - ხომ კარგად მგზავრობ, ვენეციაში რომ ჩახვალ, შეგეხმიანებიო!

 

გზა განვაგრძე, მაგრამ ეტყობა მოჭარბებულმა ყურადღებამ მომადუნა და სანამ, ფიქრებში, გემიდან ვენეციაში ფოტოაპარატით გადასაღები ობიექტების გეგმას ვალაგებდი, თვალის დახამხამებაში გავცდი პორტისკენ მიმავალი ავტობანის  „SR 11“-ის გადასახვევს. 

 

სიმწრისგან ისე დავამუხრუჭე, ერთი წიოკობა ატეხეს ჩემს უკან მომავალმა მანქანებმა, მაშინვე „ავარიული“ ჩავრთე და უკიდურეს მარჯვენა რიგში გადავდექი.

 

უმალ მივხვდი, გაჩერებას აზრი არ ჰონდა, რამდენიმე წუთის სიარულის შემდეგ პირველი გზის მაჩვენებელიც გამოჩნდა, რომელიც ავტობანიდან, უახლოესი უკან დასაბრუნებელი გასასვლელის 50 კილომეტრში არსებობას მაუწყებდა, რაც ჩემთვის გემზე დაგვიანებას ნიშნავდა.

 

უკან ვერ ვბრუნდები, ბედს მინდობილმა, გზა განვაგრძე... არ ვიცი რამდენი ვიარე, საგზაო პოლიციის მანქანის ციმციმა შევნიშნე ავტობანის მარჯვენა მხარეს, გზის კიდეს სარემონტო სამუშაოები ტარდებოდა.  ისეთი შეგრძნება დამეუფლა, შუა ზღვაში მარტოდ დარჩენილს, თითქოს მაშველი რგოლი გადმომიგდო უფალმა. მეც „ავარიულები“ ჩავრთე და პირდაპირ მივაჭერი პოლიციელებს. 

 

მაქანიდან გადმოსული რომ მნახეს, ხმამაღლა შემომძახეს: Halt, Zurück!

 

- გამიკვირდა და გამიხარდა გერმანულად შემოხმიანება!

 

- გამიკვირდა, იმიტომ რომ იტალიელებმა ნაკლებად იციან გერმანული, თუ იციან და დიდი სიამოვნებით არ ურთიერთობენ ამ ენაზე... მათგან ეს გამონაკლისი გამიხარდა!

უსიტყვოდ დავემორჩილე ბრძანებას, მანქანაში დავბრუნდი და მორჩილად მივუჯექი საჭეს.

 

როგორც კი მოვიდა პოლიციელი და ვინაობის მოხსენება დააპირა, ერთბაშად მივაყარე:

 

- ავტობან „SR 11“-ზე გადასახვევს გამოვცდი, ერთ საათში გემზე ასვლა მთავრდება, ქვეყნის დიპლომატიური სამსახურის დავალებით მნიშვნელოვანი ტვირთი მიმაქვს, თქვენს იქით გზა არ მაქვს, თუ მიშველით საქართველოს ტელევიზიით გადაგიხდით -მეთქი მადლობას!

 

- შევატყვე, ჩემი ემოციების მხილველ პოლიციელს, გაკვირვებამ და ბრაზმა ერთად გადაუარა, გაიღიმა და გერმანულად მოაყოლა: Verdammt, gib mir Reisepass! (ჯანდაბას, მომეცი პასპორტი).

 

- პასპორტი, ჩემი სავიზიტო ბარათი და მანქანის საბუთები მზად მქონდა, მაშინვე ხელში მივაჩეჩე.

 

- გამომართვა, დახედა, სურათიანი გვერდი გადაშალა, ყურადღებით შეათვალიერა, მერე მე შემომხედა, მერსედესის გერმანული ნომრები და მანქანის საბუთი ერთმანეთს შეადარა, მოვიდა ჩემთან და გერმანულად მომმართა: 

 

- „აქ დამელოდეთ, მანქანიდან არ გადმოხვიდეთ, სანამ მე არ გეტყვითო!“

 

ციმციმაანთებულ მანქანასთან მიბრუნდა, საბუთები თავის კოლეგას მიაწოდა, რაღაცა უთხრა, იმანაც საბუთები გადაათვალიერა, შემდეგ ჩემსკენ მობრუნდნენ და ორივე გულიანად ახარხარდა.

 

...სანამ ეს მოხდებოდა, მეც გამეცინა მის ნათქვამზე: „აქ დამელოდე, მანქანიდან არ გადმოხვიდეო!“

 

- მათი არ ვიცი,  მე კი ქართული ანდაზა გამახსენდა, - „ჭაში ჩავარდნილზე!“

 

ამასობაში, ჩემთვის რამდენიმე ძვირფასი წუთი გაილია, თვალწინ, _ ბერძნული სანაოსნოს ბორანი „MINOAN LINES“ მელანდებოდა, ბოლო მანქანა რომ ადიოდა!

 

რამდენიმე წუთი გაგრძელდა ეს ამბავი. ეტყობა ჩემი ნერვიულობაც იგრძნეს, ციმციმაანთებულ მანქანასთან მივიდნენ, ერთი საჭესთან დაჯდა, მეორემ ჩემსკენ გამოიწია და გერმანულად შემომძახა: 

 

- Folgen, Folgen! (მომყევით, მომყევით!) 

 

სად მივყავდით არც მიფიქრია, მთავარია დავიძარით და აქ, სრულიად მოულოდნელი ამბავი მოხდა:

 

- პოლიციის მანქანა გაჩერდა,  ავტობანზე მომავალი მანქანების სიმცირეს დაელოდა, სავალი ნაწილი გადაკეტა და ახლა უკვე ხელით მანიშნა: 

 

- მოგვყევიო!  

 

- გერმანიაში ასეთი შემთხვევა წარმოუდგენელია, მაგრამ კარგად ვაცნობიერებდი, მე რომ იტალიაში ვარ!  

 

- ასე ვიარეთ, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით, ვენეციის პორტამდე!

 

პორტში იმ დროს მივედით, როცა ბოლოსწინა მანქანა ადიოდა გემზე და დაინახა თუ არა, გემის კაპიტანმა ჩემი მერსედესი, რომლის ნომერი წინასწარ ჰქონდა გადაცემული, თვითონვე ახარა დატვირთვის ხლმძღვანელს:

 

- მოვიდა, მოვიდაო!

 

 

***

 

...იმ წელს, ბოლო ხუთ წელიწადში, მეორედ მოიგო „ევროპის ჩემპიონთა ლიგა“ იტალიის „მილანმა“!

 

- დიდი სიხარული იყო ეს ამბავი იტალიისთვის. 

 

- მილანელებისთვის კი საფეხბურთო მეორედ მოსვლა.

 

- რომ არა ეს ისტორიული შემთხვევა, მე და ჩემს „მნიშვნელოვან“ ტვირთს უეჭველად დაგვაგვიანდებოდა საბერძნეთისკენ მიმავალ გემზე!

 

- ვინ იცის რამდენჯერ გვსმენია ცხოვრებაში: „ყველაფერს ბედი უნდაო!“

 

- ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა, მე კი, წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა!

 

...პასპორტი და მანქანის საბუთები გემის კაპიტანს გადავეცი, გაკვირვებული რომ მიყურებდა, პოლიციის ესკორტით მისულ, დაგვიანებულ მგზავრს, რომელსაც დიდი პატივით მეპყრობოდნენ იტალიელი სამართალდამცველები და ბოლო წუთამდე არ მომშორებიან! 

 

დამშვიდობების დრო რომ მოდგა, თავაზიანი და თბილი მადლობა მოვახსენე ჩემს მასპინძლებადქცეულ პოლიციელებს და მივაყოლე: 

 

- როგორ გადაგიხადოთ -მეთქი მადლობა, თქვენი ფასდაუდებელი თანადგომისთვის?

 

- ერთმანეთს შეხედეს, გაიცინეს და გერმანულად კარგად მოსაუბრემ მე და სრულიად საქართველოს გადაგვიხადა მადლობა:

 

- თქვენ ნუ გაირჯებით, ჩვენ მილანელები ვართ, თქვენს მაგივრად კახი კალაძემ გადაგვიხადა მადლობა ორგზის „ლიგის“ ჩემპიონობით, მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთო!

 

გაოგნებული ვისმენდი, მილანელი ფეხბურთის „ფანების“მიერ მოყოლილ, ზღაპარივით სასიამოვნო ისტორიას, რომელმაც გემზე არ დამაგვიანა და დაუვიწყარი მოგონება დამიტოვა ერთერთი, ჩემი ევროპული მოგზაურობიდან!

 

შენი არ ვიცი ჩემო მკითხველო!.. მე კი, უფალს ვთხოვ ამ მძიმე მარხვის ჟამს:

 

- დაუბრუნე ქართველს საკუთარი გონებით აზროვნების ძალა და გაანთავისუფლე იგი უცხტომელთა გავლენისგან!

 

მხოლოდ ამის შემდეგ ეშველება ჩვენს სამშობლოს და ყველგან იკაშკაშებს ქართველთა ნაკვალევი!

 

 

დავით ქობალია

2007 წლის აგვისტო-სექტემბერი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: