სოსო სიგუა: გური ოტობაიას ეპიკური პოემა „ოდოია“
მართალია, გური ოტობაიასთან სატელეფონო საუბრების მიხედვით ვიცოდი, რომ რამდენიმე ათეული წელიწადია ეპიკურ პოემაზე მუშაობდა, მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგენდი, ამხელა მოცულობისა და სიღრმის ნაწარმოების გასრულებას თუ ვინმე მოახერხებდა დღევანდელ საქართველოში...
ტროას ათწლიანი ომის მერვე წელს ილიონის ქალაქ-სახელმწიფოში კოლხეთიდან ჩადის დაახლოებით 200 მჭედელი ჰალიძონი / ხალიბი, აიეტ-მეფის შვილიშვილი ოდის წინამძღოლობით და რადგანაც ტროა ალყაშია მოქცეული, საბრძოლო იარაღი მათ ადგილზე უნდა გამოჭედონ.
მეცხრე წელიწადს ტროას შემოეკედლება ქურუმ ქრისეს ქალიშვილი ქრისეიდა. იგი აგამემნონის ტყვეა, მხევალი წლების განმავლობაში. გამოსასყიდით მისულ მამას ქალიშვილს არ მისცემს ბერძნების გაერთიანებული ლაშქრის მეთაური და ამის ნიადაგზე წაეკიდებიან კიდეც ერთმანეთს აგამემნონი და აქილევსი.
ქურიმი ქალი ქრისეიდა ოდის სატრფო ხდება. ომის კანონები აღარ დაეძებს უცხოს თუ შინაურს, აღარ დაეძებს მჭედელს თუ გუთნისდედას და მალე საომარ ველზე გასული ოდიც აგამემნონის ნასროლო ჰიროლით (შუბი) განიგმირება („ოდოიას“ მიხედვით სასიკვდილოდ დაიჭრება).
ჰალიძონების 100 რჩეული ვაჟკაცი დაქცევის პირას მისული ტროიდან საიდუმლო გვირაბით გახიზნავს კოლხეთის სულთმობრძავ უფლისწულს. ისინი რის ვაი-ვაგლახით ჩააღწევენ ეგვიპტის მზის ქალაქ ონში - ჰელიოპოლისში, ოდის აიეტ-ბაბუის ძმასთან, აქციუსთან. ჰელიოპოლისის მკურნალები სასიკვდილოდ დაჭრილ ოდის მალე მოარჩენენ და დროთა მსვლელობაში იგი აქციუსის წყალობით ფარაონ რამზეს მეორის სიძე ხდება. აქციუსის შთაგონებით ფარაონი გემებს მისცემენ ოდის აიეტ-მეფის დასამარცხებლად. მაგრამ გზაში ამხანაგები აუმხედრდებიან და კოლხეთის მაგივრად სკანდინავიაში ამოჰყოფს თავს. ოდი აქაც ჯეროვნად განისწავლება სკანდინავიელი ქურუმებისგან - დრუიდებისგან. შემდგომ გემი „ნოათუნით“ მთელს ოკეანეთს მოივლიან და მხოლოდ წლების მერმე ჩავლენ სამშობლოში, რომელიც პირწმინდად გაპარტახებულ-გაოხრებულია.
აკი, რკინის, ფოლადის გამოგონებამ, იარაღის გამოჭედვამ და აღებ-მიცემობამ გააჩანაგა მისი ქვეყანა. ხალიბები ხომ ქვიშის მაგნიტიტისგან რკინას ადნობდნენ, ჭედდნენ საომარ იარაღებს და გამდიდრების ჟინით შეპყრობილები ახალ-ახალ ომებს აღძრავდნენ ხოლმე. 1 კილოგრამი რკინა 10 კოლოგრამი ოქრო ფასობდა და მიატოვა კოლხმა ხვნა-თესვა, მევენახეობა, გადაეჩვია ტრადიციულ საქმიანობას და მოისრა კიდეც.
აიეტ-მეფე და ოდის დედა სათანეი გვაშა, ოდის ორეული კას მიერ კოლხეთის დალაშქვრას ზეზეურად შეწირვიან. ოდი ხვდება, რომ ბოროტების სათავე ბაბუის ნახევარძმა აქციუსია. დაავლებს ხელს ჰელიოპოლისის ბენ-ბენს და აიეტის ძვლებთან ერთად სფინქსის ნაგებობას მიაყენებს. იქ, სასაკლაოში, აქციუსი ქვიშისგან იხრჩობა, ოდი კი რაღაც სასწაულით გადარჩება ბენ-ბენის ხაფანგივით დაგებულ განსაცდელს და კვლავ კოლხეთს მოაშურებს, რათა ახლა ჭარმაგობაში მაინც აისრულოს ბავშვობის აუხდენელი ოცნება - ხვამლის უკვდავების ტბის მონახულება. ოდის უმთავრესი მიზანი ხომ ბერძნებისგან დანაკუწებული მამა აფსაროსის მკვდრეთით აღდგენაა. მხოლოდ ამ პირობის შესრულების შემდეგ მიეცემა მას მარადიულ უკვდავების შანსი.
როგორც აღვნიშნეთ, პოემის წარმართველი ძალა ნაწარმოების მთავარი გმირი ოდია. მან დაზუსტებულად იცის, რომ კოლხეთის სამეფო კარის მოურჩენელი ზადი ინცესტური წარმომავლობაა: შეურაცხადი ბიძა ალოვი, მიამიტი და გულფიცხი მამა აფასროსი, ფეთქებადი მამიდები - ქალკიოპე და მედეა, რადგანაც სისხლის აღრევით გაჩენილან: აიეტს ცოლად ესვა - ძმიშვილი ჰეკატე. ამ ქორწინების ჩაშლის მცდელობას ემსხვერპლა აიეტის ნახევარძმა აქციუსი, რომელსაც ჰეკატეს ბრძანებით ქურუმები დასაჭირისებენ. ის ღვთიური ძალის წყალობით ეგვიპტეში ჩააღწევს. აარსებს ჰელიოპოლისს, მზის სათაყვანებელ ქალაქ ონს და მისი ბენ-ბენი, მთავარი ქურუმი ხდება.
ოდის ძირითადი საზრუნავი ამ ინცესტის გვერდითი მოვლენების განეიტრალებაა, რომელიც გადაულახავ ბედისწერასავით დაჰყვება თითოეულს ფეხდაფეხ - მამამისი პირველსავე ხმობაზე მარტოდმარტო ავა არგონავტების გემზე, ენდობა ცბიერი მტრის სიტყვას და დაანაკუწებული ზღვაში ჩაიყრება თევზების გასაძიძგნად. ოდის დაუმარხავი მამის გაპატიოსნება სწადია, თუმცა რანაირად გინდა აღადგინო წლების წინათ დაკეპილი სხეული?! არადა, ამის მიუღწევლად ვერაფრით ეღირსება ოდი უკვდავებას. ეს ლაიტმოტივი წითელი ზოლივით გასდევს მთელ ნაწაროებს.
ნაწარმიების მთავარი გმირი ოდი (ოდი - ღმერთი ძველკოლხურად), აფსაროსს ნართების ასშვილიან ქალისგან, სათანეი გვაშასგან შესძინია. აიეტის სამეფო კარს მათი გაგონებაც კი არ უნდა, მაგრამ არგონავტების ხელით უფლისწული აფსაროსის მოკვდინების შემდეგ, ეგრევე გაახსენდებათ უკანონოდ გაჩენილი შვილიშვილი, წაართმევენ დედას და სასახლეში მოჰგვრიან კოლხეთის მგლოვიარე მეფეს. ბაბუა-შვილიშვილის მერმინდელ დიალოგში თვალნათლივ იშიფრება კოლხებსა და ნართებს შორის არსებული კოლოსალური განსხვავება. კოლხებმა გამოადნეს ქვიშიგან რკინა, მიაღწიეს ქიმიის მეშვეობით ოქროსა და ვერცხლის მოპოვებას. ამდენად, ისინი საგრძნობლად დაწინაურებულან დროსა და სივრცეში, თუმცა ამ დაწინაურებას მსხვერპლად შეწირვია მამაპაპური ზნეობრიობა; ოქროს და რკინის მოპოვების ცოდნამ მოიტანა საყოველთაო გაუტანლობა და შური, ღალატი და განზე მაცქერლობა, ჯანდაბა და დოზანა, როცა ნართების თემი, მართალია, ჩარჩენილია პრიმიტიულ, ტრადიციულ ყოფიერებაში, მესაქონლეობას და მიწათმოქმედებას მისდევენ, თუმცა ალალი ოფლით ირჩენენ თავს და აქედან გამომდინარე, მათი ოჯახებიცა და ადამიანებს შორის ურთიერთობებიც ანკარაა, წარუყვნელი, სუფთა.
გური ოტობაიას პოემას მთხრობელი ერთი ჰყავს - უფლისწილი ოდი, იგივე ოდიოსი და ოდინი, მის ხასიათში გაერთიანებულია ოთხი პლასტი: კოლხურ-ბერძნულ-სკანდინავიურ-არიული და მაინც სათანეი დედისგან იგი სახელდებულია ოდოიად. ასევე მიმართავს ოდის რამდენჯერმე უზენაესი ხმა; ასე განადიდებენ ჰალიძონები თავიანთ წინამძღოლს, მის უკვდავსაყოფად შექმნილი საგალობელი „ოდოიათი“. ამ დროს ტერმინი „ოდოია“ ნაწარმოების მიხედვით სულაც არ შეიცავს რაიმე ამაღლებულ შტრიხს. პირიქით, ოდოია ღვთაებრივი ოდის კნინობითი ფორმაა, რომელიც გაუთლელს, მოუხეშავს, ფლეგმატიკურს შეესატყვისება.
„ოდოიაში“ წამყვანი გამთამაშებელი ხარანაულისებურად თვითონ ოდია, ოდის გონება, ოდის „ცნობიერების ნაკადი“. მაგრამ ჩვენ წუთითაც არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი არსებითი პოსტულატიც, რომ ოდის მეობის მამოძრავებელი ძალა აიეტ-მეფის დაკვალიანება ან მისი ნახევარძმა - აქციუსთან განსწავლა კი არა, კაცობრიობის სინდის-ნამუსის სიმბოლოს, ხვამლის კლდეზე მიჯაჭვული არამხუტუს მეობაა. არამხუტუს პრომეთესეული მითოლოგიური გაგება ქართულ ფოლკლორში არც კი იძებნება. იგი მეგრულ ხალხურ პოეზიაში გვხვდება გოლიათური აგებულების დევგმირად, რომელსაც უბრალო კენჭივით შეუძლია უშველებელი ლოდების გატყორცნა, მაგრამ გური ოტობაიას ახალი პრომეთე სჭირდება, და ამ უხეშ ძალას ახალი სული შთაბერა, მასში განასახიერა პლანეტარული ცივილიზაციის ლოცმანის ხატი, ზევსს ღვთაებრივ ცეცხლს რომ მოსტაცებს ოლიმპოს მთიდან და მისმიერვე შექმნილ ადამიანებს უწილადებს ოჯახური ბედნიერების მოსაპოვებლად.
ამ ღვთიურული ცეცხლის მეშვეობით მოახერხებენ ხალიბები ქვიშის მაგნიტიტისგან რკინის გამოდნობას, ოქროსა და ვერცხლის მომრავლებას, და დროთა მსვლელობაში მიაღწევენ კიდეც სრულ სულიერ გაპარტახებას, გაუცხოვებას, არადა, განწმენდის, კათარზისის გზაც არსაიდან ჩანს. მხოლოდ არამხუტუსთან, იგივე ბერძნების პრომეთესთან და ქართების ამირანთან, იგივე ჩეჩენ-ინგუშების ფჰარმათთან და ყაბარდოელების ნასრენ ჟაკესთან, იგივე სომხების მჰერთან და ალბანების ალბანთან, ანუ სრულიად კავკასიის პრომეთეებთანაა ეს სულიერი საგანძური, რომლებიც ტროაში შეუყრია ავტორს ათჯერ მრავალრიცხოვანი ბერძნების საპირწინედ.
მხოლოდ არამხუტუმ იცს ზევსის აღსასრულის საიდუმლო: თუკი ნიმფა თეტისას ღმერთი შეეწყვილება, სწორედ მათი ურთიერთობისგან გაჩენილი ღვთაება ჩამოაგდებს კრონიდს ტახტიდან. თუმცა საკმარისია თეტისას მოკვდავი დაეუფლოს, რომ ამ ურთიერთობას კი მოჰყვება გმირთაგმირი, მაგრამ არა ზევსის სამეფო ტახტის მოცილე.
ამას გაუცხადებს მონობის სამარცხვინო ჯაჭვისგან ამხსნელ ჰერაკლეს არამხუტუ. თუმცა რა ერგება სანაცვლოდ? უფრო მეტი ტანჯვა-წამება კოლხეთიდან ოქროს ვერძის გამტაცებელი ბერძნებისგან. ამ ვერძის ტყავზე, დიახაც, არამხუტუს მიერაა გადატანილი ყველა საიდუმლო წეს-კანონი და მოსთხოვენ მის წაკითხვას. ოქროს საწმისი ვერ გაუშიფრავს გულთმისან მედეას, ვერც ჰელიოპოლისის ბენ-ბენ აქციუსს და ვეღარც მსოფლიო ქურუმ-მოგვებს. მაგრამ არ გასცემს ამ საიდულოს არამხუტუ, თუმცა ახალ-ახალი ტანჯვა უმრავლდება ქალკიდეა-ფრიქსეს შვილებისგან და მათი დამქაშებისგან.
არამხუტუს სისხლით იხატება ლაბირინთის კედლებზე ის ფორმულა-კრიპტოგრამები. და ასე, ტანჯვა-წამებაში ამოხდება სული კაცობრიობის უწინარეს ტიტანს. ეს უმთავრესი საიდულო კი ოქროს დაბრტყელებაა, ოქროს მონეტად მოჭრა. 1 კოლოგრამ რკინას 10 კილოგრამი ოქროს ყიდვა რომ ძალუძს და 1000 საპალნე ხორაგ-სანოვაგის მოხვეჭა, დაბრტყელებულ ოქროს მონეტს უკვე თავისუფლად შეეძლება მთელი კაცობრიული სულის შეძენა და ნივთივით მოხმარება. აი, ამას არ გაამხელს არამხუტუ, აი, რის გამო უძლებს აუტანელ წამებას მისი გმირული სული...
ოდის ნათელხილვებით მისი თაობელების წინაშე მიყოლებით იხატებიან მაკედონელები და კეისრები, ჩინგიზ ხანები და ჯალალედინები, ბონაპარტეები და ჰიტლერები, ხელისგულზეა დალაგებული მათ მიერ გაჩაღებული სამომავლო ბარბაროსული დამანგრეველი ომები, დახაუები და ოსვენციმები, ჰიროსომა და ნაგასაკი. ამ თანაგუნდელების წინაშე ჰყვება ოდი მათთვის უხილავი პერსონაჟებისგან გადმოცემულ ამბებს. აქ განსაკუთრებით გამოკვეთილია ლაზარე-ზვიად გამსახურდის ხატი, რომელიც თავისი არსით სქართველის მეტაფორაა დროსა და სივრცეში.
ამ პოემაში კაცობრიული ცოდნა, პლანეტარული მითოლოგია, აღმოსავლეთ-დასავლეთის საზრისი დიდი ოსტატობითაა შეწნულ-შედუღაბებული კოლხურ, ქართულ, კავკასიურ ფასეულობებთან.
გური ოტობაიას სასიქადულოდ უნდა ითქვას, რომ 10 1000-სტრიქონიანი პოემა ჯერ ბწკარედულად თარგმნა სრულიად საქართველოსთვის. მერე ესეც არ იკმარა, რითმით გააწყო, გასაოცარი პოეტური აღმაფრენით შექმნა ახალი მონოლოთური სივრცე, როგორც მშვიდობისა და კაცობრიული ამაღლებულობის სიმბოლო.
მან ამ პოემით ფაქტობრივად მოგვცა პროტოიბერიული სულის თვალუწვდენელი ბიოგრაფია, რომელიც ლოცმანივით წინ მიუძღვის კაცობრიულ ცივილიზაციას. მისი მთავარი მაჩვენებელი ალტრუიზმია, სხვისთვის თავდადება, სხვისთვის სულის გაღება (ზ. გამსახურდია „საქართველოს სულიერი მისსია“, რ. ჩხეიძე, „ქალდეას მონატრება“) და არა კაცთაკვლა, არა შური და მტრობა, არა ჯანდაბა და დოზანა, არამედ უკიდეგანო კაცთმოყვარეობა, განუხრელი აღმშენებლობა. აკი, შემთხვევით არ იტყოდა ჰეგელი: „ევროპეიდული რასა ქართველებისგან მოდისო“. ამ ფილოსოფიურ დოქტრინას გასაოცარი პოეტური ძალისხმევით შეასხა ხორცი გური ოტობაიას „ოდოიამ“ და ამიერიდან მის გაუთვალისწინებლად მონოლითურ, გლობალურ პლანეტარულ ფსიქოლოგიაზე საუბარი მიკერძოებული იქნება უეჭველად.