საქართველოს უფრო სჭირდება რუსეთი თუ რუსეთს საქართველო?!
2006 წლიდან რუსეთმა ქართული პროდუქციის საკუთარ ბაზარზე შეტანა აკრძალა. მერე იყო 2008 წლის ომი... მოკლედ, უამრავი მიზეზი არსებობდა იმისთვის, რომ საქართველოს ეფიქრა რუსეთის ალტერნატივაზე როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.
პოლიტიკური არ ვიცი, მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით, რუსულმა ემბარგომ ქართული ეკონომიკა მართლაც მძიმე დღეში ჩააგდო. ამის აღიარება ჩვენს ხელისუფლებას არც კი უცდია, პირიქით, აიძულა ღვინის მწარმოებლები და საზოგადოდ, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ფერმერები, რომ რუსულ ემბარგოს შედეგებზე ნეგატიურ კონტექსტში არც კი ელაპარაკათ. სამაგიეროდ, ქართულ სინამდვილეში ახალი ტიტული გაჩნდა - თუ „ღვინის გენერლები“. ამ „გენერლებმა“ რამდენი და როგორი ეკონომიკური ბრძოლები მოიგეს, კარგად გვახსოვს. მოკლედ, რუსულ ემბარგოს ჩვენმა სახელმწიფომ მხოლოდ პიარი და იდეოლოგია დაუპირისპირა.
ამის პარალელურად საქართველოს რეგიონების ეკონომიკური მდგომარეობის დეგრადირება დაიწყო - კახეთში გაიჩეხა ვენახი, ქართლში პრაქტიკულად, შეწყდა ხილის წარმოება, დაიხურა გადამმუშავებელი ქარხნები, დასავლეთში პრაქტიკულად, გაჩერებულია ჩაის წარმოება, ციტრუსის წარმოების მასშტაბებიც მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის მერე იყო, ხელისუფლებამ და უპირველესად, საქართველოს პრეზიდენტმა რომ თქვა - სოფლის მეურნეობა პრიორიტეტული არ არის და მის განვითარებაზე ზრუნვა ჩამორჩენილობის მაჩვენებელიაო.
ისე, რუსულ ემბარგოს რაღაც დადებითი მაინც აღმოაჩნდა. ამან ქართველ მწარმოებლებს ალტერნატიული ბაზრის მოძიებისკენ უბიძგა და რაღაც დონეზე ის გამონახა კიდეც, თუმცა თავი იჩინა ერთმა უმნიშვნელოვანესმა დაბრკოლებამ - პროდუქციის ხარისხის პრობლემამ. ევროპის ქვეყნების ბაზრის მოთხოვნას ქართული ღვინის ხარისხი ვერ პასუხობდა და იქაურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდა. ქართველ მეღვინეებს ამ სტანდარტის მიღწევამდე რამდენიმე ათეული წელი მაინც დასჭირდებათ, თუმცა ფაქტი ერთია, ქართული საექსპორტო ღვინის ხარისხმა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად აიწია!
ჯაჭვური რეაქცია კი ამით არ მთავრდება - ხარისხის გაუმჯობესებამ მნიშვნელოვნად შეამცირა წარმოება - ევროპის ბაზარს ფალსიფიკაციას ვერ შებედავ, შესაბამისად, ქართველმა მწარმოებლებმა პატიოსნად მუშაობა ისწავლეს. სამაგიეროდ, კახეთში გაჩნდა ყურძნის რეალიზაციის პრობლემა, რამაც გლეხი უმძიმეს მდგომარებაში ჩააგდო - ჭარბი პროდუქტის გასაღება გაჭირდა და რაც იყიდებოდა, იყიდებოდა მიზერულ ფასში. სახელმწიფო სუბსიდია კი იმდენად მცირე იყო, რომ გლეხს იმ ხარჯის ნახევარსაც ვერ უფარავდა, რაც პროდუქტის მოყვანისთვის დაეხარჯა. მოკლედ, პრობლემა მრავალმხრივია.
თუმცა, როგორც ამბობენ, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. არსებობს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, რომლის წევრიც არის საქართველო. ამ ორგანიზაციის წევრობისთვის იბრძოდა რუსეთი და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მას ამისთვის საქართველოს მხარდაჭერა სჭირდებოდა. თავდაპირველად პოლიტიკურ გარიგებაზე იყო საუბარი - საქართველო მხარს დაუჭერდა რუსეთს მსო-ში გაწევრიანებაზე, სამაგიეროდ რუსეთი საქართველოს საბაჟოს გაკონტროლების უფლებას მისცემდა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრის მონაკვეთზე. რომ არა 2008 წლის ომი, ალბათ, იქნებოდა ამ შეთანხმების მიღწევის შანსი, თუმცა ემბარგოდან ორ წელიწადში ყველაფერი შეიცვალა.
ამის მიუხედავად, საქართველომ თითქმის უპირობოდ მხარი დაუჭირა რუსეთის მსო-ში გაწევრიანებას. ამ ორგანიზაციაში რუსეთის წევრობიდან ერთი წელი გადის და შესაბამისად, ვალდებულებების შესრულების დრო მოდის. ამდენად, რუსეთი თუ ემბარგოს ხსნის საქართველოსთან, ეს მისი კეთილი ნება კი არა, ვალდებულებაა, თუმცა ქართველი გლეხისთვის ამას პრაქტიკულად, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს - მთავარია, რუსული ბაზარი იხსნება და მას იქ საკუთარი პროდუქციის დაბრუნების შესაძლებლობა ეძლევა.
მაგრამ, არც ასე მარტივადაა საქმე. ერთია დაბრუნება, მეორე რითი და როგორ ბრუნდები. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა საქართველოს უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე რუსეთსო. სადავოა, თუმცა ეს იმასაც ნიშნავს, რომ რუსული ბაზრისთვის საჭირო უნდა გახდეს ჩვენი პროდიუქცია.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე „ივერიონთან“ საუბარში რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებას მისასალმებელს უწოდებს, თუმცა იქვე გარკვეულ საფრთხეებზეც მიანიშნებს. „ემბარგოს მოხსნა მისასალმებელია, მაგრამ დიდი ყურადღება სჭირდება იმას, თუ როგორი პროდუქცია მოხვდება რუსულ ბაზარზე. მოგეხსენებათ, რუსული ბაზარი საკმაოდ დიდია, ქართული პროდუქცია კი იმ რაოდენობით აღარ არის, რაც ადრე იყო. პროდუქციაზე მოთხოვნილების გაჩენა მისი მიწოდების გაზრდის აუცილებლობას გააჩენს, რაც ზოგიერთ მწარმოებელს ფალსიფიცირებისკენ უბიძგებს. არც ის არის გამორიცხული, რომ ფალსიფიცირებული პროუქციის წარმოებითა და რუსეთში შეტანით შემთხვევითი პირები დაინტერესდნენ, ამასთან მოხდეს ისე, როგორ ხდებოდა - ქართული პროდუქციის სამარკო ნიშნით რუსეთშივე აწარმოონ ღვინო, ბორჯომი თუ სხვა პროდუქტი. ამიტომ ერთი მხრივ, ჩვენგან მკაცრად უნდა მოხდეს ქართული საფირმო ნიშნის დაცვა და მეორე მხრივ, რუსეთიც უნდა დაგვეხმაროს - არ დაუშვას საკუთარ ბაზარზე უხარისხო, ფალსიფიცირებული პროდუქცია. ჩვენ უნდა ვეცადოთ, მოთხოვნა ხარისხიანი პროდუქციით შევავსოთ“, - ამბობს ტყემალაძე.
ამასთან, ტყემელაძე იმ მექანიზმებზეც საუბრობს, რაც როგორც ქართულ, ისე რუსულ მხარეს ავალდებულებს პროდუქციის ხარისხის კონტროლს. „თუ ერთი ან მეორე მხარე დაუშვებს ფალსიფიცირებული პროდუქციის შეტანას და რეალიზებას, მსო-ს უფლება აქვს მკაცრად მოითხოვოს საკუთარი მოთხოვნების შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფლება აქვს, ყადაღა დაადოს ჩვენს პროდუქციას. ამიტომ, ჩვენს ინტერესში უნდა იყოს, რომ პროდუქციის ხარისხი მაქსიმალურად იყოს დაცული“, - ამბობს დეპუტატი.
რაც შეეხება ეკონომიკურ ფაქტორს. დეპუტატის გათვლებით, მარტო ღვინიდან ქვეყანამ მინიმუმ, 500 მილიონი მოგება უნდა მიიღოს. „საკამაოდ დიდი ეკონომიკური სარგებლის მიღება შეუძლია საქართველოს. რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის რეალიზება ქვეყანაში ვალუტის შემოდინებას ნიშნავს. ეს კი ლარის კურსის გამყარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რასაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია. პუტინმა კი თქვა, საქართველოს ინტერესი უფრო მეტია, ვიდრე რუსეთისო, მაგრამ რეალობა სხვაა - რუსეთში ქართულ ღვინოზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა არსებობს და ამ მოთხოვნის გამოყენება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უხეში გაანგარიშებით, რუსეთში ერთი ბოთლი ქართული ღვინის ფასი 3-5 დოლარია. თუ ბაზარზე მინიმუმ, 100 მილიონ ბოთლს გავუშვებთ, ქვეყანა 500 მილიონ მოგებას მიიღებს. ეს მხოლოდ ღვინიდან, მაშინ როცა არანაკლები მოთხოვნაა რუსეთში ქართულ ბოსტნეულსა თუ ხილზე, რაც ასევე დამატებითი ეკონომიკური სარგებელია ქვეყნის ეკონომიკისთვის“, - აცხადებს ტყემალაძე.
თეა ბარამაშვილი