რატომ ვკლავთ... ქართულ ენას!
გასაკვირი არ არის, რომ დღევანდელ საქართველოში, აბიტურიენტთა უმეტესობა მშობლიურ ენას სათანადო ყურადღებას არ აქცევს - უბრალოდ, ეს ენა მათთვის არაღირებულია!
მთავარია, გამოცდაზე ,,ჩაახრიგინონ" და მერე მკვდარ ენათა გვერდით მიუჩენენ ადგილს.
განათლების სამინისტროში (როგორც ხშირად აღნიშნავენ ხოლმე ქართული გრამატიკის მოჰიკანები), ალბათ ყავის საუკეთესოდ მომდუღებელთა კომიტეტები უფრო მეტია, თორემ აუცილებლად შეამჩნევდნენ, რომ იმ მაღაზიებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ობიექტებზე სახელწოდებები იმდენად დამახინჯებულია, ჩვენს მრავალჭირნახულ ენას არცერთ საუკუნეში რომ არ ახსოვს!
ავადსახსენებელი კომუნისტებიც კი მკაცრი კორექტული რედაქტირების გარეშე არ გამოსცემდნენ წიგნებს, ხოლო სავარაუდო შეცდომებისთვის ,,შეცდომების გასწორებას" ბოლო ფურცელს უთმობდნენ.
ნუთუ დიდი გრამატიკული ცოდნაა საჭირო, რომ, თუ აბრას ლათინურად აწერია, ,,king", ,,loris", ,,apinox" (ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს), ისინი ქართული თარგმანის სახელობით ბრუნვაში ,,ი" ბრუნვის ნიშნით გაფორმდებიან. ,,ქინგი", ,,ლორისი", აფინოქსი" და არა ,,ქინგ", ,,ლორის", ,,აფინოქს", როგორც აწერენ.
ეს მხოლოდ აღნიშნული ობიექტების სახადი არ არის, შეცდომაა უამრავი ბანკების, კომერციული სტრუქტურების აბრებზე და, საერთოდ, ქვეყანაში ,,ახალი" მართლწერისა და პუნქტუაციის ქარიშხალია.
რა ხდება? ქართულ მართლწერაში ზემოთ ნახსენებ დაწესებულებათა უმეტესობისთვის ახალი წესებია დაშვებული და ჩვენ არ ვიცით? ,,ავტო ნაწილები", ,,ტელე ატელიე", ინტერნეტ კაფე" აქამდე ერთსიტყვად იწერებოდა. დღეს კი ,,ახალი ქათულის თეორეტიკოსებს" წერის კანონებში ურცხვად სადავე მიუშვიათ.
ვფიქრობ, სასწრაფოდ უნდა აღსდგეს ქართული ენის პალატა, რომელიც მხოლოდ ქართულის სათანადოდ არმცოდნე ჟურნალისტებს კი არ დაუწესებს სანქციებს, არამედ, იმ სარეკლამო ორგანიზაციებსაც, რომლებიც , შეიძლება ითქვას, მე-11 მცნებას მშობლიური ენის მოფრთხილებას თავსლაფს ასხამენ.
ია ჯღარკავა