რა უპირატესობა აქვს ენერგოდამზოგ ტექნოლოგიებს და ვინ აფერხებს მის დამკვიდრებას საქართველოში?!
არასამთავრობო ორგანიზაცია „ენერგოდაზოგვის, ენერგოეფექტურობის და ახალი ტექნოლოგიების ცენტრის“ დირექტორი დავით დემეტრაშვილი ევროპის ქვეყნებში დანერგილი შუქდიოდის ნათურების უპირატესობებზე გვესაუბრება:
_ ჩვენი ორგანიზაციის მიმართულება ახალი ტექნოლოგიების პროპაგანდა და დანერგვაა. ვცდილობთ, სახელმწიფო სტრუქტურებამდე მივიტანოთ ის ეფექტი, რაც ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღწევა.
გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო ვარვარების ნათურების ჩანაცვლება კომპაქტური ლუმინისცენტური (cvl) ნათურებით. ამჟამად მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს შუქდიოდური (lfd) და პლაზმური ნათურების გამოყენება, მაგრამ ეს პროექტი საქართველოში ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით ფერხდება.
_ საქართველოში აქტიურად გამოიყენება ე.წ. ეკონომნათურები, რომლებიც გამძლეობით გამოირჩევა, მათი ფასი 6-7 ლარია. რა უპირატესობა აქვს შუქდიოდის ნათურებს მათთან შედარებით?
_ კარგა ხანს ამ სფეროში ვმუშაობდი უკრაინაში და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ე.წ. `ედისონის~ ან თუნდაც ეკონომნათურების შუქდიოდის ნათურით ჩანაცვლება, სახელმწიფოს ეკონომიკას და მოსახლეობას უდიდეს შეღავათს მოუტანს. მათ გააჩნიათ მაღალი ენერგოეფექტურობა, მუშაობის დიდი რესურსი და ეკოლოგიური უსაფრთხოება.
შუქდიოდის ნათურა სრულიად ბუნებრივი კომპონენტებისგანაა დამზადებული და ელექტროენერგიის დანაზოგს 6-12-ჯერ ამცირებს. თუ ჩვეულებრივი ვოლფრამიანი ნათურა 1 ვტ. ენერგიის მოხმარებაზე 13 ლუმინს (ნათების კოეფიციენტი) იძლევა, შუქდიოდისგან 150 და მეტი ლუმინის მიღებაა შესაძლებელი, მისი ეფექტურობა 11,5-ჯერ მაღალია, ვიდრე ვოლფრამიანი ნათურის და 4-ჯერ მაღალი, ვიდრე ლუმინისცენტური ნათურისა, მათი მუშაობის ხანგრძლივობა დღეღამეში 6 საათის მუშაობის შემთხვევაში 12 წელს (50000 საათს) შეადგენს, როცა ვორფრამიანი ნათურის მუშაობის მაქსიმუმი 1000 საათია, ჰალოგენურის კი _ 2500 საათი. შუქდიოდს გააჩნია მექანიკური ზემოქმედების მდგრადობა და ფართო ტემპერატურული დიაპაზონი, გამოირჩევა ხანძარუსაფრთხოებით.
შუქდიოდური განათების მასშტაბური დანერგვა მნიშვნელოვანად დაზოგავს სახელმწიფო ბიუჯეტს და დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებაში, დაზოგავს ელექტროენერგიას, შეამცირებს სიმძლავრის დეფიციტს პიკის საათებში და გააუმჯობესებს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიურ პირობებს.
_ კონკრეტულად, რა სახის ეკონომია მიიღება ამ ნათურებისგან?
_ დავუშვათ, ოჯახში მუდმივად სამი ნათურა ანათებს, საიდანაც ერთი 100 ვატიანია, 2 _ 60 ვატიანი. თუ მათ 14 და 8 ვატიანი led ნათურებით ჩავანაცვლებთ, განათების ხარისხი და ეფექტურობა არ იცვლება, ნათურის საერთო სიმძლავრე 190 ვატით შემცირდება, ელექტროენერგიის მოხმარება კი წელიწადში _ 416,1 კვტ.საათით, რაც 12,46 თეთრიანი ტარიფის შემთხვევაში ელექტროენერგიაზე გაწეულ გადასახადს წელიწადში 51,85 ლარით დაზოგავს. გარდა ამისა, led ნათურების მუშაობის ხანგრძლივობა, დღეღამეში 10 საათის მუშაობის შემთხვევაში, 8-10 წელია, რის შემდეგაც მისი შეკეთებაა შესაძლებელი.
გასული წლის 8 ივნისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული იყო გამნათებელი მოწყობილობებისა და ელექტრო განათების ტენდერი, სადაც სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი იყო ვარვარებისა და სხვა მოძველებული სახეობის ნათურები, რომელთა შესყიდვის ფასიც არ არის დაბალი, მათი გამოყენება კი საექსპლოატაციო ხარჯების მკვეთრ ზრდას იწვევს. ამ შემთხვევაში 47 175 ცალი ნათურა დღეღამეში 12 საათიანი ნათების დროს 16 151 098 კვტ. საათ ელექტროენერგიას მოიხმარს, რაც 16 თეთრიანი ტარიფის პირობებში 2 584 176 ლარს შეადგენს. ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ნათურებზე კი, წლიურად 3 404 952 კვტ. საათ ელექტროენერგიას მოვიხმარდით, რაც გაწეულ ხარჯებს 544 792 ლარამდე შეამცირებდა, წლიური ეკონომია კი მხოლოდ ელექტროენერგიის შესყიდვაზე, სავარაუდოდ, 2 039 383 ლარი იქნებოდა. გარდა ამისა, მსოფლიოს პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ერთი მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ღირებულება დაახლოებით 2-3 მლნ. დოლარს შეადგენს და 5-6 წელი გრძელდება, ხოლო ენერგოდამზოგი ღონისძიების გატარებით ანალოგიური ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის შესამცირებლად საკმარისია დაახლოებით 0,1 _ 0,2 მლნ. აშშ დოლარი და 3-4 თვე.
თუ ეს პროექტი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება, ნათურების დადგმული სიმძლავრე შემცირდება 228 მეგავატით, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა _ წელიწადში დაახლოებით 492,48 მლნ კვტ. საათით, მოსახლეობისგან კი წლიურად 68,5 მლნ ლარი დაიზოგება.
_ რა ეღირება შუქდიოდის ნათურა?
_ ხარისხიანი ნათურის ფასი 25 ლარი იქნება, მაგრამ ჩვენ მას სამწლიანი განვადებით და გარანტიით შევთავაზებთ მომხმარებელს.
_ სად მზადდება ეს ნათურები?
_ led ნათურა სრულიად ბუნებრივ კომპონენტებზეა დამზადებული. ის როგორც ჩითილი, ისე გამოჰყავთ და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში აწარმოებენ. ახლახან რუსეთმაც დაიწყო მისი წარმოება. ჩვენ შეგვიძლია საჭირო მასალა ჩამოვიტანოთ და საქართველოში ავაწყოთ.
_ პლაზმური განათება რომელ ობიექტზე გამოიყენება?
_ პლაზმური სანათების გამოყენება მიზანშეწონილია გარე განათებებისთვის, ავტობანებსა და გზების ახალ მონაკვეთებზე, დღეისთვის არსებული გარე განათებები ვერ აკმაყოფილებს ხარისხის მოთხოვნებს, არის ყვითელი ფერის, თვალისმომჭრელი, ართულებს გარემოს ბუნებრივ აღქმას, რაც, თავისთავად ავარიების პროვოცირებას უწყობს ხელს. შუქდიოდის პლაზმური ნათება კი სრულიად ბუნებრივია, არ არის თვალისმომჭრელი და გარემოსაც ისე აღიქვამ, როგორც დღისით.
_ ბატონო დავით, ვის მიმართეთ და რას მოითხოვთ სახელმწიფოსგან?
_ სახელმწიფოსგან მოვითხოვთ, მედიატორის როლი შეასრულოს ენერგოკომპანიებთან, რომ შემოვიტანოთ ეს ნათურები და დავურიგოთ მოსახლეობას განვადებით, მათი სურვილის შესაბამისად. ჩვენ არ ვამბობთ, რომ დაზოგეთ ელექტროენერგია. ათი ოთახი გაქვს? _ ათივე ოთახში აანთე და გადაიხდი ათჯერ ნაკლებს, რასაც აქამდე იხდიდი.
წერილობით მივმართეთ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, მთავრობის კანცელარიას, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს, თბილისის მერიას, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტმენტს, მაგრამ პასუხი არა გვაქვს. ძნელია, მოიძებნოს ობიექტური მიზეზი იმისა, რატომ უგულებელყოფს ენერგოდაზოგვის საკითხს ეკონომიკურად ჩამორჩენილი საქართველო, როცა მას ასეთ უპირატესობას ანიჭებენ მდიდარი ქვეყნები. ყველა ხარჯი და დანაზოგი, რაც წარმოგიდგინეთ, დეტალურად გვაქვს გაანგარიშებული და ვითხოვთ, ჩატარდეს სამეცნიერო საბჭო საკითხის განსახილველად. არაფრის გამოგონება არ არის საჭირო, საჭიროა გადმოვიღოთ სხვა ქვეყნების გამოცდილება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
ესაუბრა ნონა ქარქაშაძე