ირაკლი ღარიბაშვილი: საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების კუთხით საქართველომ პროგრესს მიაღწია!
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საინფორმაციო კომუნიკაციების სექტორის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ აღნიშნული სექტორის განვითარება საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია.
"სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ ეს ღონისძიება ახლახან გამართული ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) სრულუფლებიანი კონფერენციის - PP-14-ის შემდეგ თბილისში იმართება. მინდა, პატივისცემა გამოვხატო ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის მიმართ. მინდა აგრეთვე, ხუალინ ჯაოს მივულოცო ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის გენერალურ მდივნად არჩევა, ხოლო ბატონ ბრაჰიმა სანოუს ამ კავშირის განვითარების ბიუროს დირექტორად ხელმეორედ არჩევა. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ მაღალგანვითარებული საინფორმაციო კომუნიკაციების სექტორი ქვეყნის შემდგომი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარების მძლავრი საშუალებაა. ამ სტრატეგიულად მეტად მნიშვნელოვანი სფეროს სწრაფი ტემპით განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს მთავრობისთვის და პირადად ჩემთვის.
ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მსოფლიო ბანკთან და უკვე აქტიურად ვმუშაობთ "ინოვაციური საქართველო 2020"-ის სტრატეგიისა და მისი განხორციელებისთვის პროექტების შესამუშავებლად. შეიქმნება საქართველოს ტექნოლოგიური პარკი და საქართველოს მასშტაბით სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები. 2014 წელს, ჩემი ინიციატივით დამტკიცდა კონცეფცია - "ფართოზოლოვანი ინტერნეტი ყველა მოქალაქეს". ეს კონცეფცია ითვალისწინებს მთელ ქვეყანაში ღია დაშვების ინფრასტრუქტურის დანერგვას. ასეთი ინფრასტრუქტურის მეშვეობით მოხდება ყველა დასახლებული ტერიტორიის ჩართვა მაღალი გამტარობის თანამედროვე ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელებში. მისი დანერგვის ერთ-ერთ
მთავარი მიზანია ქვეყნის მოსახლეობის ფართოზოლოვანი 30 მეგაბაიტი/წამში სიჩქარის ინტერნეტით მოცვა და მოსახლეობის 50 პროცენტის უზრუნველყოფა 100 მეგაბაიტი/ წამში სიჩქარის ინტერნეტით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირისა და ევროკავშირის შესაბამისი გადაწყვეტილებების თანახმად, საქართველოში 2015 წლის 17 ივნისამდე განხორციელდება ანალოგურიდან ციფრულ მიწისზედა საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლა.
"მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორის განვითარების კუთხით საქართველომ საგრძნობ პროგრესს მიაღწია და ეს იმ ახალი რეფორმების შედეგია, რომელთა მიზანიც იყო ამ სექტორის ლიბერალიზაცია, დემონოპოლიზაცია და აგრეთვე ბიზნესის დაწყების პროცედურების გამარტივება. საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორში აისახა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ საინფორმაციო ტექნოლოგიების გლობალურ ანგარიშში, რომლის ქსელური მზადყოფნის ინდექსში (NRI) საქართველომ 88-ე პოზიციიდან მე-60 პოზიციაზე გადაინაცვლა. ჩვენ ბოლო ორ წელიწადში 28 პოზიციით გავიუმჯობესეთ რეიტინგი, რაც საუკეთესოა ამ რეიტინგში. მართვის ელექტრონული სისტემების სხვადასხვა მრავალრიცხოვანი სერვისის დანერგვითა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენებით ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ დღეს საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციის, პერსონალური დოკუმენტების გაცემის პროცედურებსა და სხვადასხვა საზოგადოებრივ მომსახურებას სულ რაღაც 15-20 წუთი სჭირდება. მინდა, აღვნიშნო, რომ მსოფლიო ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირი ეს არის ის ცენტრი, რომელსაც ცოდნის გაზიარებისა და თანამშრომლობის პროცესში შეუძლია უზრუნველყოს მაქსიმალური ინტერაქცია ქვეყნებს შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ეპოქაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.